ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ რეპრესირებული ბიზნესმენების ინიციატივაა
ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ კონკრეტული ადამიანების ინიციატივა იყო, რომლებმაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წნეხი განიცადეს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები საკუთარ ინვესტიციებს დებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ დაბრუნდეს.
„ესენი რეპრესირებული ადამიანები, ბიზნესმენები არიან. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ საკუთარ ინვესტიციას დებენ, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს. მათი სულისკვეთება და მიზანი სრულიად ბუნებრივია. „ნაციონალური მოძრაობის“ არდაბრუნებაზე ბუნებრივია, პასუხისმგებლები ჩვენც ვართ. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“, ჩვენ ამ ბიზნესმენებთან კომუნიკაციაც გვქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ. მათ გარკვეული დახმარება ესაჭიროებოდათ, მათშორის ტექნიკური და კომუნიკაცია ამ საკითხის გარშემო შედგა. “,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში ახალი ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გამოჩნდა. ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.