ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აკუსტიკის პრობლემა პარლამენტის სხდომათა დარბაზში სექტემბრისთვის მოგვარდება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აკუსტიკის პრობლემის მოგვარებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.
როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებულია.
„სხდომების მსვლელობის დროს, ანუ სესიის დასრულებამდე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების დაწყება. სამუშაოები დაიწყება ივლისში და დასრულდება აგვისტოს ბოლომდე. ასე რომ, საბოლოო ჯამში, სექტემბერში სესიას დავიწყებთ უკეთესი აკუსტიკით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის შენობის კედლებზე უნდა აიკრას სპეციალური მასალა, რაც დაიცავს დარბაზს და შესაბამისად, აღარ იქნება ხმაურის პრობლემა.
„არაერთი ღონისძიება შედგა ამ დარბაზში, ვიდრე პარლამენტი გადმოვიდოდა და არცერთ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ სავსე იყო დარბაზი, არ ყოფილა ხმაურის პრობლემა. ცუდს არაფერს ვიტყვი. როგორც ჩანს, დეპუტატები ვართ უფრო აქტიურები, ვიდრე მაგალითად, დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.