ირაკლი კობახიძე - 27 ქვეყნიდან ერთს რომ ათქმევინო უარი, ქვეყანას არ მიეცემა კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, გლობალური ომის პარტიისთვის მარტივია მანიპულირება, რისკები არის მაღალი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები კვლავ 50/50-ზეა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას იღებს 27 ქვეყანა და თუ ერთმა მაინც თქვა უარი, საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, იმავეს გავიმეორებ, რომ შანსები არის 50/50-ზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რა თქმა უნდა, რისკები ისევ მაღალია. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთს ათქმევინო უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქვეყანას უკვე არ მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში, შესაბამისად, რისკები არის მაღალი. მაგრამ ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით – ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოებამ – ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.