საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2019-2020 წლებში, ერთიანი გეგმის შესაბამისად, პარლამენტის სასახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის საქმიანობაში მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების გამართული მუშაობა.
„მინდა, ჩვენი აპარატის უფროსს და აპარატის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისათვის. ჩვენ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, პარლამენტის სასწავლო ცენტრის განვითარების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, დისტანციური სწავლების დანერგვა, შეიქმნება სასწავლო მეთოდური ბიბლიოთეკა, განხორციელდება საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ხელშესაწყობად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით 2019 წლის პირველი აპრილიდან ჩამოყალიბდება პარლამენტის კვლევითი ცენტრი, რომელიც სათანადო ფუნქციებითა და დაფინანსებით მოემსახურება პარლამენტის საჭიროებებს.
„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტის სასახლის ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძოდ, განხორციელდა პარლამენტის შენობის ავარიული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა გახდა ადაპტირებული შშმ პირებისათვის; გარემონტდა და მოეწყო საარქივო საცავი; აგრეთვე, მომზადდა სივრცე სტამბისათვის.ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელსაც გაგრძელდება – დაგეგმილია პარლამენტის სასახლეში თანამედროვე საკონფერენციო სივრცეების მოწყობა; პარლამენტის გარე და შიდა ფასადის რეაბილიტაცია; სასწავლო ცენტრისთვის აშენდება დამატებითი აუდიტორიები და სხვ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მემკვიდრეობით მიიღო სხვადასხვა სახის გამოწვევები: „დასახვეწი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და ძლიერი პარლამენტის ინტერესთან წინააღმდეგობაში მყოფი კონსტიტუცია; დასახვეწი რეგლამენტი, რომლითაც პარლამენტი არ იყო აღჭურვილი მისი საკვანძო ფუნქციების განხორციელების ქმედითი მექანიზმებით, განსაკუთრებით საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში; პარლამენტის სუსტად განვითარებული კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები; პარლამენტის კიდევ უფრო სუსტად განვითარებული საზედამხედველო შესაძლებლობები; საზოგადოების დაბალი ნდობა; გაუმართავი ინფრასტრუქტურა; პარლამენტის აპარატის არასაკმარისი რესურსები მთელ რიგ სფეროებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალმა პარლამენტმა დაისახა ამბიციური მიზანი, გაეუმჯობესებინა მდგომარეობა ყველა მიმართულებით.
„ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი უკვე მიღწეულია: ჩვენ მივიღეთ დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული პარლამენტარიზმის საუკეთესო ტრადიციებთან და რომლის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი ძლიერი პარლამენტია; ჩვენ მივიღეთ დახვეწილი რეგლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კანონშემოქმედების, ისე ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებას. 2019 წელს, უკვე პრაქტიკაში დაინერგება პარლამენტის ახალი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ინსტრუმენტები, რითაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა საზოგადოებისთვის ხელშესახები გახდება. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობაზე დადებითად აისახება. 2019-2020 წლებში, ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება პარლამენტის სასახლის სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2019 წელს გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები პარლამენტისა და მისი აპარატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც უკვე დასახულია კარგად გააზრებული გეგმა.
„ამბიციური გეგმის განხორციელებით, ჩვენ მეათე მოწვევას გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით თვისებრივად გაძლიერებულ პარლამენტს, რაც უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ გეგმის სრულფასოვანი განხორციელება თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობასა და სახელმწიფოებრივი მიდგომით საქმიანობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო. ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.