ირაკლი კობახიძე - 2018 წელს გაიზარდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა და გაუმჯობესდა პარლამენტის ანგარიშვალდებულება
2018 წელს ერთობლივი ძალისხმევით გაიზარდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ფიზიკური და ინტელექტუალური ჩართულობის შესაძლებლობა, გაუმჯობესდა პარლამენტის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა, მოქალაქეებისთვის გამარტივდა პარლამენტში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2018 წლის ზაფხულში საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა.
მისივე თქმით, თავმჯდომარეობაც და სამიტიც იყო აღიარება იმისა, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფო ინსტიტუტების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით.
„აღსანიშნავია, რომ სამიტი დაიწყო საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით, რომელსაც 24 ქვეყნის და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მესამე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ხუთი ამბიციურ ვალდებულებას და რომლის შემუშავების მიზნით ჩატარდა ხუთი სამუშაო შეხვედრა და შვიდი საჯარო კონსულტაცია. სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრების და სხვა დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ერთობლივი მუშაობის შედეგად. მსურს, თითოეულ მონაწილეს მადლობა გადავუხადო აქტიური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს ერთობლივი ძალისხმევით გაიზარდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ფიზიკური და ინტელექტუალური ჩართულობის შესაძლებლობა, გაუმჯობესდა პარლამენტის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა, მოქალაქეებისთვის გამარტივდა პარლამენტში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა.
„მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, კვლავაც დიდი მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტი გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, გამჭვირვალე და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია და მან განაგრძოს საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება. იგეგმება პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება, ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა, პარლამენტის მიერ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი“, – განაცხდა ირაკლი კობახიძე.
დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო. ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.