ირაკლი კობახიძე - 2016 წელს შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცები“ და დუმის სამი ოდიოზური დეპუტატი, რომელთაც ჰქონდათ ოკუპაციის კანონი დარღვეული, შემოუშვეს საქართველოში, ჩვენ ასეთ რამეს არ ვუშვებთ
ნებისმიერი პირი, რომელიც ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და რომელსაც არ აქვს დარღვეული ოკუპაციის კანონი, შემოვა ჩვეულებრივად საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ გაიხსენა 2016 წელს საქართველოში გამართული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც, მისი თქმით, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმდნენ და საქართველოში შემოუშვეს ის პირები, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ.
კობახიძის თქმით, სანქციები შეიძლება შეეხებოდეს იმ პირს, რომელიც თავად ახორციელებს გარკვეულ ქმედებას. მისივე განმარტებით, ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
„თუ არ ვცდები, 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა და მაშინ შეთანხმდნენ ერთმანეთთან უსუფაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” და დუმის (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს) სამი ოდიოზური დეპუტატი, რომელთაც ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, შემოუშვეს საქართველოში. ჩვენ ასეთ რამეს არ ვუშვებთ. არცერთ შემთხვევაში არ იქნება დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. შესაბამისი პირები ვერ შემოვლენ საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამაში, მათ შორის, იგულისხმება პერსონალური სანქციები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუკი რაიმე, თეორიულად, სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი, ის შეიძლება, შეეხებოდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც თავად ახორციელებს გარკვეულ ქმედებას. ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელება პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, ამას გეუბნებით, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.