ირაკლი კირტავა - საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტია
საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ [Galt & Taggart] დირექტორმა, ირაკლი კირტავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საინვესტიციო ფონდების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარების სამი ძირითადი ინსტრუმენტი არსებობს, როგორიცაა საბანკო კაპიტალი, საინვესტიციო ფონდები და საფონდო ბირჟა, თუმცა ქართულ რეალობაში საერთაშორისო სტანდარტებს განვითარების დონით რეალურად საბანკო სექტორი პასუხობს. რაც შეეხება საინვესტიციო ფონდებს და კომპანიებს, როგორც გადაცემაში აღნიშნეს, ისინი ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალურად მოქმედებენ, რადგან აქამდე მათი მარეგულირებელი სრულყოფილი კანონმდებლობა არც არსებობდა. მთავრობის მიერ ახლად წარდგენილი კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება.
Galt & Taggart-ის დირექტორის განმარტებით, მისი კომპანია ჩართული იყო აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში, რასაც ოთხი წელი დასჭირდა, რადგან ისეთივე კომპლექსური, სტრატეგიული ტიპის დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელობით საპენსიო რეფორმას უტოლდება.
„სულ მცირე ოთხი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვითხოვდით, რომ (საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობა) აუცილებელი იყო ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ზოგადად ფინანსური ბაზრის განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკისთვის. „საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი“ არ არის ვიწრო კანონი. ის საკმაოდ მოცულობითია, არა მარტო გვერდების რაოდენობით (მარტო ერთი კანონი 70 გვერდზე მეტია), მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ მთლიანი პაკეტი, რომელიც საგადასახადო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების ცვლილებებსაც ითვალისწინებს. იმ ტიპის ფონდები, რაც ამ კანონმა უნდა დაარეგულიროს, სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით, არ გვქონია. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ საგადასახადო კოდექსში ჩანაწერიც კი არ იყო, საინვესტიციო ფონდები როგორ უნდა დაბეგრილიყო. ინვესტორის დაბეგვრის საკითხი, ფაქტობრივად, გადაუჭრელი იყო, რეალურად ორმაგი დაბეგვრის რისკი ჩნდებოდა“, – განაცხადა კირტავამ.
მისი მოსაზრებით, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი მორგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რაც ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„თვითონ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ის არ არის მორგებული მხოლოდ საქართველოზე, ის სრულად ითვალისწინებს ევროკავშირისა და საინვესტიციო ფონდების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ითვალისწინებს რეგიონულ ჭრილში და გნებავთ, მსოფლიო მასშტაბითაც საინვესტიციო ფონდების, ინსტიტუციური ინვესტორების არა მარტო დაინტერესებას საქართველოთი საინვესტიციო ფონდების ჩამოყალიბების პროცესში, ასევე ინვესტიციების განხორციელების მხრივ. არის საშუალება, რომ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, აქტივების მართვის უცხოური კომპანიები შემოვიდნენ და ეს კარგ პერსპექტივას აჩენს. ის არის რეალურად სტრატეგიული ტიპის დოკუმენტი, რომლის მსგავსი შეიძლება წინა რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ საპენსიო რეფორმა იყო, რომელსაც ასევე აქვს დიდი გამოწვევები და უზარმაზარი პერსპექტივები. როგორც საპენსიო რეფორმის დაგროვებითი საპენსიო სქემის, ასევე საინვესტიციო ფონდების გაჩენის პერსპექტივა ერთად საქართველოში საკმაოდ კარგი მომავლის სურათს იძლევა“, – განუცხადა ირაკლი კირტავამ „ბიზნესპარტნიორს“.