ირაკლი კირცხალია - რეზოლუციის პროექტში ანტიდემოკრატიული მოთხოვნებია, გასაკვირია, როცა ევროპარლამენტიდან სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლებაზე ვისმენთ განცხადებას
გასაკვირია, როცა ევროპარლამენტიდან სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლების თაობაზე ვისმენთ განცხადებას. ევროპას ვიცნობთ, როგორც კანონის უზენაესობის დაცვის სივრცეს. შესაბამისად, ეს განცხადება გაუგებარია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ევროპარლამენტარების რეზოლუციის პროექტი ანტიდემოკრატიულ მოთხოვნებს მოიცავს.
„სანქციების დაწესებას რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციასთან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 20 პროცენტით გაზარდეს ვაჭრობა. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, რასაც საზოგადოება ნათლად შეაფასებს. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნები როდესაც არის, ამას არანაირი ფასი არ აქვს. საზოგადოება ამ რეზოლუციას ნათლად შეაფასებს და ლობისტებს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს, რადგან რეზოლუციაში ანტიდემოკრატიული მოთხოვნებია ჩადებული“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. 14 ევროდეპუტატის პროექტში არის მოთხოვნები, მათ შორის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა.