ირაკლი ხმალაძე - თბილისის ბიუჯეტის პროექტში სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრული დაფინანსება 300 მილიონს გადააჭარბებს
თბილისის ბიუჯეტის პროექტში სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრული დაფინანსება 300 მილიონს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საკრებულოში თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის ახალი გუნდი სოციალური პროგრამების განხორციელებას გეგმავს.
„ვეცდებით გარკვეული სერვისების ელექტრონულად განხორციელებას, ჩვენი მოსახლეობა დაინახავს აქტიურობას და კითხვები მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, ახალი გუნდი ბიუჯეტის პროექტში ისეთი ცვლილებების შეტანას აპირებს, რომლებიც წინასაარჩევნო დაპირებებს მოერგება.
თბილისის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის მერიისთვის გადასაგზავნად ვადა 25 ნოემბრამდე აქვს. 10 დეკემბრამდე ახალ პროექტს საკრებულოში თბილისის მერი წარადგენს.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ივნისს გადაიგზავნა. წინა პარამეტრებთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 11 მილიონით არის შემცირებული და 815 მილიონით არის განსაზღვრული.
თბილისის ბიუჯეტის განხილვა მომავალ კვირას დაიწყება.