დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

დედაქალაქის საკრებულოში დღეს თბილისის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

პირველადი დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს დედაქალაქის მერია 840 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 181 მილიონი ლარით ნაკლებია. თუმცა, როგორც საკრებულოში აღნიშნეს, ეს არის პირველადი ვარიანტი, შესაბამისად, საკრებულოს უმრავლესობა, ცენტრალური ბიუჯეტიდან სულ ცოტა 100 მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერს ელოდება, რაც მათი თქმით, თბილისის ბიუჯეტს მილიარდ ლარამდე გაზრდის.

პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური მიმართულება.

ოპოზიციის ნაწილი ბიუჯეტის არსებული პროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი არ ასახავს მოსახლეობის ინტერესებს.

დღევანდელ განხილვას არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რადგან ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.

მერიამ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი თბილისის საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს. საბოლოოდ კი საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი 20 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.