თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მერიისთვის მიუღებელია.
„დღეს ქალაქს დაახლოებით, 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობა მცირდება, რადგან ბაზარი ავტობუსსა და მიკროავტობუსს სხვადასხვანაირად გადაანაწილებს. თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო დავალება – ორკვირიანი ვადა მომცა. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ დავალებას, რა თქმა უნდა, შევასრულებ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს დღეს უკვე შეხვდა, სადაც მათი მხრიდან ძირითადად, ფინანსურ პრობლემებსა და მგზავრობის ტარიფზე იყო საუბარი.
„ისინი ძირითადად, საუბრობდნენ ფინანსურ პრობლემებსა და ტარიფის ზრდაზე, რაც მათივე წარმოდგენილი მონაცემებით, სწორსა და ლოგიკურს გავს. კომპანიას 2011 წლიდან დღემდე, ტარიფი არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი შეიცვალა, საწვავის ფასი გაიზარდა. რა თქმა უნდა, მათ პოზიციას ფინანსური ახსნა აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ ჭრილში, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით ვატარებთ, მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას ჩვენ არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს ართულებს ამ მოცემულობას. კომპანიას რომ ჰქონდეს, ან რომ ჰქონოდა მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი, ისედაც ჩაანაცვლებდა. მარტივი მოცემულობა რომ ყოფილიყო, ყველა შეძლებდა ამის გაკეთებას. ამისთვის ვართ ჩვენ – თბილისის მერი, მისი მოადგილეები, რომ რთულ მოცემულობებშიც ვნახოთ გამოსავალი“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
ირაკლი ხმალაძის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებს მერიის მხრიდან აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა დაევალათ.
„კომპანიამ, რა ციფრებზეც გააკეთა განცხადება, ამას დადასტურება სჭირდება და მათ უკვე მიიღეს დავალება, რომ აუდიტორული დასკვნა წარმოადგინონ. სწორი მიდგომა არის ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი, საიდან უნდა გამოვიდეთ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არ არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია. უნდა გამოვიდე იმ მდგომარეობიდან, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – აღნიშნა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რის გამოც, ისინი აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს.
„ქალაქს სჭირდება ახალი მიკროავტობუსები, თუმცა მერიისთვის პირობა, რომ ტარიფი გაიზარდოს, მიუღებელია. მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა ვაწარმოო, პირობა, რომელსაც არასდროს მოვისმენ და დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმა. მათ ისეთ გეგმას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვერ მეტყვიან. პირობას გაძლევთ, რომ საბოლოო ჯამში, ორი კვირის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მიკროავტობუსების განახლება დაიწყება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანია, ქალაქში მიკროავტობუსები ჩანაცვლდეს, რასაც მგზავრობის ტარიფის ზრდა არ უნდა მოყვეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსების საკითხზე დედაქალაქის მთავრობის დევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, შეგნებულად იკავებდა თავს მიკროავტობუსებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, ვიდრე ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის კვლევის შედეგი არ გახდებოდა ცნობილი. მისივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში მიკროავტობუსების როლი, მათი არსებობა მნიშვნელოვანია. თუმცა, მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, სასწრაფოდ დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია კერძო კომპანიასთან, რომლის მფლობელობაშიც მიკროავტობუსებია. კალაძის განცხადებით, ორი კვირის ვადაში უნდა იყოს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
კალაძის განცხადებას უპასუხეს „თბილისის მიკროავტობუსში“.
„თბილისის მიკროავტობუსში“ განმარტავენ, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2011 წელს დაიწყეს და გეგმის მიხედვით, შვიდი წლის თავზე ავტოპარკი სრულად უნდა განახლებულიყო. თუმცა „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის, დავით ასანიძის თქმით, იმ პერიოდში დოლარის კურსი დაახლოებით, 1.65-ს შეადგენდა და მათი ბიზნეს გათვლაც ამ კურსზე იყო. „თბილისის მიკროავტობუსის“ გენეალური დირექტორის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი 10 ან 20 პროცენტზე მეტად რომ არ შეცვლილიყო, 2018 წელს ყველა სამარშრუტო ტაქსი განახლდებოდა.
დავით ასანიძე ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც, მისივე განმარტებით, კომპანიას დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, ავტოპარკის განახლებას ხელი შეუშალა. „თბილისის მიკროავტობუსში“ პრობლემების არსებობას არ უარყოფენ. ასანიძის თქმით, მიკროავტობუსები მართლაც ამორტიზირდა, დაძველდა და გამოცვლას საჭიროებს. თუმცა, დავით ასანიძე განმარტავს, რომ პარკის განახლება მხოლოდ მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზეა შესაძლებელი.