საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას.
შეხვედრაზე განიხილეს მსხვილი პროექტები, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს. აღინიშნა, რომ კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%-ზე კი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და გეოლოგიური კვლევა, რომელსაც დააფინანსებს მსოფლიო ბანკი. წყალქვეშა კაბელის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. იქნება და აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსხვილი ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა ელექტროსადგურების მშენებლობისა და დამატებითი სიმძლავრეების შექმნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ 2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აღნიშნული ელექტროსადგურების საშუალო წლიური გამომუშავება 473 მეგავატ საათი იქნება, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი 140.7 მლნ დოლარს შეადგენს. 2023 წელს ასევე დაგეგმილია 700 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონების გაზიფიკაციისა და ინტერნეტიზაციის პროექტები.
აღინიშნა, რომ 2023 წელს, ჯამში, 150-მდე სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება იგეგმება. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა დამატებით 26 ათასზე მეტ აბონენტს ექნება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 88 000 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება, უკვე აშენებულია 350კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ხოლო 450კმ. მონაკვეთზე მიმდინარეობს მშენებლობა, აგრეთვე 4 ახალი ტენდერია გამოცხადებული ახალი მიმართულებებით ინტერნეტიზაციის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე და დასრულებული ტენდერების მოცულობა სულ 1,600 კმ-ს შეადგენს. 2023 წელს დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს სამიზნე გეოგრაფიული არეალების სრული დაფარვა, 2024 წლიდან კი მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2023 წელს 7 550 ახალი ბენეფიციარი დაფინანსდება. ინდუსტრიული კომპონენტის ნაწილში დაგეგმილია 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და 2 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება, რაც ჯამურად 1.6 მლრდ ინვესტიციას და მშპ-ში 600 მლნ ლარის კონტრიბუციას გულისხმობს. აღინიშნა, რომ 2023 წელს დაგეგმილია სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რომლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც უკვე დამტკიცებულია. 2023 წელს დაგეგმილია სამ სახელმწიფო კორპორაციაში რეფორმის პილოტირება და სახელმწიფო კორპორაციების შესახებ კანონის შემუშავება.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის გეგმები: საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 000 ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
2023 წელს დასრულდება მუშაობა და დამტკიცდება „საქართველოს კანონი ტურიზმის შესახებ“.
2023 წელს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდზე. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე შეძენილი იქნა სპეციალური ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს.
2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება. პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილოკებისა და ბაქანის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები. 2023 წელს დასრულდება აეროპორტების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით განხორციელდება.
2023-2024 წლებში დაგეგმილია მთის ინფრასტრუქტურული განვითარება, რომლის საერთო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 66,5 მილიონი ლარი იქნება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გუდაურში აშენდება გონდოლას პარალელური საბაგირო; მოეწყობა გათოვლიანების 9 კმ-იანი სისტემა; ჰაწვალზე მოეწყობა 2 ახალი სასრიალო ტრასა (7 კმ).
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების ფარგლებში, 2023 წელს განხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმა, რომლის მიზანია, საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს კვლევას საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესწავლის მიმართულებით. კვლევის მიზანია მაღალი ხარისხის სამგზავრო და სატვირთო-სარკინიგზო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო კვლევის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმის მომზადება, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელების ჭრილში.
2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება თბილისის მე-4 საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება. ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს რამდენიმე სადისკუსიო თემატურ პანელს, ასევე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები და ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. ფორუმი უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
2023 წელს გაგრძელდება 150 000-ლარიანი გრანტების პროგრამა, რაც გლობალური მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური სტარტაპების დაფინანსებას მოიცავს. აღნიშნული პროგრამით წინა წლებში 150-ზე მეტი სტარტაპი დაფინანსდა და მათ მიერ მოზიდულმა კერძო ინვესტიციამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.
2023 წელს დაიწყება 25 000-ლარიანი მცირე საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია რეგიონებში ინოვაციური იდეების პირველადი წახალისება.
2023 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 120 სტარტაპი გადამზადდება. აღსანიშნავია, რომ აქსელერაციის პროგრამის შედეგად საქართველო რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა და მონაწილეთა უმრავლესობა რეგიონის სტარტაპები არიან.
2023 წელს ინოვაციების ეკოსისტემის განმავითარებელი სხვადასხვა პროგრამებით 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში 5 000 IT სპეციალისტი გადამზადდება.
2023 და 2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით დამატებით სამი ახალი ტექნოპარკის გახსნა იგეგმება, მათ შორის სენაკში, ახალციხესა და ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქვეყანას შვიდი ახალი ტექნოპარკი და ერთი ინოვაციების ცენტრი შეემატა. სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.