ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა

ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა, – ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არა მხოლოდ მშვიდობა შეინარჩუნა, არამედ ქვეყანას აქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენ გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში, ერთ ძლიერ გუნდად საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა. სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო, ხალხი შიშისა და რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა, ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში, ხდებოდა სისტემური დანაშაულები, პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა, წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი და, რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მადლობა ღმერთს, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გადარჩენისა და გამარჯვების გზაზე ატარა. ამას მოწმობს ის უდავო ფაქტიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ამ დაუნდობელი ომების ეპოქაში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მშვიდობას, მეორე მხრივ კი, განუხრელად ვითარდება ყველა მიმართულებით.

ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერის ცხოვრებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მას განსაკუთრებით სჭირდება მოფრთხილება, შენარჩუნება, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებში არის შესაძლებელი. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით, ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას, მაშინ როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს და ქართველ ხალხს ომი, ქაოსი ავაცილოთ თავიდან. ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ, უკვე მეოთხე წელია, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ამ ყველაფერს და, პირველ რიგში, მშვიდობას შენარჩუნება, დაცვა სჭირდება. ომი საშინელებაა და ეს ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით. საბედნიეროდ, ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.