ირაკლი ღარიბაშვილი - ვთქვით, არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, კომპანიებს, რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ ფრენებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს
ირაკლი ღარიბაშვილი - ვთქვით, არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, კომპანიებს, რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ ფრენებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს

ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ არ დაუტოვა კითხვა არცერთ პარტნიორს.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ფრენებთან დაკავშირებით, არაერთხელ განვმარტეთ. აგვისტოს ომის შემდეგ მათმა ბელადმა მოხსნა სავიზო რეჟიმი, რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი დაუწესა. სანაცვლოდ, პრაქტიკულად არ მოუთხოვია არაფერი. მას, მინიმუმ, ხომ შეეძლო, რომ სარკისებური ყოფილიყო ეს მოთხოვნა და მათ ეთქვათ, რომ, მაგალითად, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იყოს უვიზო რეჟიმი. მით უმეტეს, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, მათი ოჯახის წევრები, მათი ნათესავები არიან აქ, მიმოსვლა არის აქტიური. ცალმხრივად მოხსნა, შემდეგ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო და, მათ შორის, მგონი, თვითონაც აღიარეს, ერთ-ერთ აღიარებით ჩვენებაში თქვეს, რომ „დაწოლა“ იყოო და მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას. რა მიიღეს სანაცვლოდ? არაფერი. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა სააკაშვილს და ამის თაობაზე საჯაროდ არის ცნობილი უკვე, მოითხოვა პირადი ვიზიტი პრეზიდენტ ობამასთან, მაგრამ რა მოხდა? ჩავიდა პრეზიდენტ ობამასთან და პრეზიდენტმა ობამამ შეხვედრაზე უთხრა, რომ უნდა მოამზადო გადაცემა ხელისუფლების, ასე იყო დაახლოებით, თუ არ ვცდები. ამის თაობაზე შეიძლება, მედიამ ამოწიოს. აქაც დამტკიცდა კიდევ ერთხელ მათი მოღალატეობრივი, ეგოისტური პოლიტიკა, დამოკიდებულება. გადასცეს ენერგეტიკული ობიექტები, სანქციები ნული, არაფერი არავის აღარ დაუწესებია. შეცვალეს მთელი რიტორიკა და თქვეს, რომ ომი ვითომ აღარ იყო. ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა, აღიარება მოხდა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, ამდენი ბიჭი ჩაიხოცა, საერთოდ უბედურება მივიღეთ, ბაზები აშენდა და ვითომ არაფერი. ეს არის მათი შედეგი, ეს არის მათი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა.

ფრენებზე ჩვენ არავითარი კითხვა არა გვაქვს, არ დავუტოვეთ კითხვა არცერთ ჩვენს პარტნიორს, ჩვენ ღიად ვუთხარით მათ. იცით, საჯაროდ გამოვედი და ვთქვი, რას ნიშნავს, თუ ჩვენი ომის დროს ამდენი უბედურება დაგვემართა, დაგვატყდა თავს – ჩვენი ომი ომი არ იყო?! თუ ჩვენი სამხედროების სისხლი არ არის სისხლი? გუშინ ვიყავი ჩვენს დაჭრილ სამხედროებთან. 32 ჩვენი გმირი ჯარისკაცი შეეწირა ნატო-ს მისიებს ავღანეთში, ერაყში და ასეულობით არის დაჭრილი. გული მოგიკვდება, ვერ ესაუბრები ამ ადამიანებს, როცა ხვდები, და რა? განსახილველად დააყენეს თურმე, შეადარეს საქართველო და მოლდოვა, დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვა დსთ-ს წევრი ქვეყანაა. ეს, გგონიათ, სამართლიანია? ამიტომ ჩვენ არავისთან თავი სამართლებელი არ გვაქვს, ჩვენ ვართ პირნათელი. ყველასთან ყოველთვის ღირსეულად გამოვდივართ, ვიცავთ, ვიცავდით. ევროკავშირის ეგიდით იყო გამართული მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ჩვენზე გადადიოდა ყველაფერი. მისია ჩავარდნის პირას იყო, ევროკავშირის მისია და მაშინ, მახსოვს, წინა პრემიერობის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი იყო ჩამოსული ვიზიტით და მაშინ გადაწყდა. მაშინ თხოვნით მოგვმართეს, ჩვენ გაგვეზარდა ჩვენი სამხედროები, იქაც მივიღეთ მონაწილეობა, ღირსეულად, ბოლომდე. გამოვიყვანეთ, რადგან ყველამ დატოვა, მთელი ევროპა გავიდა თითქმის. ამიტომ ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ. 2019 წელს, თქვენ კარგად ახსენეთ, როცა შეზღუდა და გააჩერა ფრენები რუსეთმა ცალმხრივად, მაშინ ბევრი ამბობდა, რომ მოუწოდებდა რუსეთს, მოეხსნა ეს შეზღუდვა. ხომ გახსოვთ კარგად? ამის თაობაზე იყო საუბრები, მათ შორის ევროპიდან და სხვა ელჩებისგანაც“, – განაცხადა პრემიერმა.