ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ათიათასობით დაღუპულია, ამ ტრაგედიის ფონზე, როდესაც დრო გაქვს და ლუზერ სააკაშვილზე აკეთებ კომენტარებს, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ათიათასობით დაღუპულია, ამ ტრაგედიის ფონზე, როდესაც დრო გაქვს და ლუზერ სააკაშვილზე აკეთებ კომენტარებს, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება

ზელენსკის მრჩევლები და ოფისის უამრავი წარმომადგენელი ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება ამ თემით ასეთ ხელოვნურ დაინტერესებას. რა გირჩევნიათ, ქვეყანაში ომი იყოს, თუ, ლომჯარიას მსგავსად, გინდათ, ბომბები ცვიოდეს? ომი თავშია. რეალობა რომ აგიხსნათ: ომის დაწყების შემდეგ ყველა ის ორკესტრირებული, კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებები, რომლებიც განახორციელეს ჩვენ წინააღმდეგ, ოპოზიციის ჩართულობითა და ოპოზიციასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და არაფერი გამოუვიდათ, ღიად თქვეს, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სიტყვა მეორე ფრონტი მათგან მომდინარეობს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე, მათ თქვეს. შეგახსენებთ მეორე ფაქტს, მათ დაინტერესებაზე რომ გიპასუხოთ. ზელენსკის მრჩევლები და ოფისის უამრავი წარმომადგენელი ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ – ვციტირებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების, თანამდებობის პირების სიტყვები.

„ამაზე ყველა ნორმალურს ადამიანს, ვინც არის ობიექტურად განწყობილი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ამ ქვეყნის პატრიოტია, უცხო ქვეყნების მსახური და სხვა ქვეყნის აგენტი არ არის, როგორ შეიძლება, კითხვა გაუჩნდეს ამ ყველაფერის შემდეგ, რაც ხდება. უფრო მეტიც, მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, როდესაც ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით, გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში, უკრაინის მთელი ტერიტორიის უკვე 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ტრილიონ დოლარზე მეტი არის ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა, ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული და უკრაინის 20 მილიონი მოქალაქე იმყოფება მიგრაციაში. ზოგმა საერთოდ ქვეყანა დატოვა, ამბობენ, რომ შეიძლება, შვიდი-ათი მილიონი იყოს, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა, ანუ  დროებით იძულებით გადააადგილებული პირია. ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე როდესაც დრო გაქვს, ვინც არ უნდა იყოს, გვარს აღარ გავიმეორებ, გნებავთ არახამია, გნებავთ ნებისმიერი, როდესაც დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, ამით რაღაც დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მტკიცებულებებს, რომლებიც მანამდე ისედაც გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.