საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთში მის სახელმწიფო ვიზიტს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქართული დელეგაციის გულთბილი დახვედრისთვის და მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ასეთი ვიზიტები ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 27.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 91%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
რაც შეეხება იმპორტს, თურქეთიდან საქართველოში 2020 წლის მონაცემებით, იმპორტირებულია 114.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. აღინიშნა, რომ თურქეთიდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, 2019 წელთან შედარებით, 4%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთის მიერ გაწეული დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიმართ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია, ეხმარება.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.