ირაკლი ღარიბაშვილი - შევუერთდით არაერთ რეზოლუციას, გაერო-ში კიდევ ერთხელ გამოვხატეთ უკრაინისადმი სოლიდარობა, ვინმეს მეტის გაკეთების ან კიევში მოგზაურობის სურვილი თუ აქვს, არავის ვზღუდავთ
შევუერთდით არაერთ რეზოლუციას, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ში კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ვინმეს მეტის გაკეთების სურვილი თუ აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, არავის ვზღუდავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
„არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში. მან მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ასამბლეაში, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა სიტყვით, წარადგინა ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუ ვინმეს ამაზე მეტის რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის არ ვზღუდავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა: „საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი. ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია. ვწუხვარ, რომ კიევში ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ეს მაინც მიხარია“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მზადყოფნის გამოხატვის მიუხედავად, კიევში ჩასასვლელად მიწვევა ვერ მიიღო.