ირაკლი ღარიბაშვილი - სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, ქვეყნის ორ მთავარ ფუნდამენტს, სარწმუნოებას და ჯარს შეუტიონ
ირაკლი ღარიბაშვილი - სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, ქვეყნის ორ მთავარ ფუნდამენტს, სარწმუნოებას და ჯარს შეუტიონ

სექტის წარმომადგენლებს მცდელობა აქვთ, ქვეყნის ორ მთავარ ფუნდამენტს სარწმუნოებას და ჯარს შეუტიონ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება მათ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, პროვოკაციულ წამოწყებებს.

„მე აღარ მინდა უღირსი ადამიანების შეურაცხყოფებს ვუპასუხო. უკვე გამოგვეხმაურნენ სექტის წარმომადგენლები. მე გეტყვით შემდეგს, რომ ჩვენი ქვეყანა თუ მოვიდა დღემდე, იდგა სარწმუნოებასა და ჩვენ ჯარზე, ჩვენს უკვდავ მეომრებზე.

ეს უღირსი ადამიანები, ამ ორ მთავარ ფუნდამენტს ურტყამენ და ანგრევენ, მცდელობა აქვთ. ეს არის 0,1 პროცენტი. მე ბედნიერი ვარ, რომ მივეკუთვნები აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, პროვოკაციულ წამოწყებებს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე როგორც მიგვაჩნია სწორად. მე მჯერა, რომ პარლამენტის უმრავლესობა ასე ფიქრობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას კანონპროექტის შემუშავების საკითხზე, რომელიც „საკითხს მოაგვარებს“. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ეროვნული პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.

„ყოველგვარი საუბრის გარეშე ჩვენ თქვენთან ერთად დღეიდან დავიწყებთ, როგორც კი დავინიშნებით სამინისტროში, ერთობლივი კანონპროექტის შემუშავებას, რათა დავარეგულიროთ საკითხი. რა თქმა უნდა, ამას ისე დავაორგანიზებთ, როგორც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში. შეჯერებული ვარიანტი და სწორად ადაპტირებადი ვარიანტი უნდა მივიღოთ.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი, ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული.

ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რატომღაც არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ საკითხს. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში, ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. მიმაჩნია რომ ამ საკითხის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან. ვიცი რომ სახელმძღვანელო უკვე შეიმუშავა სამინისტრომ და მალე იქნება დასრულებული. მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოვახდინოთ ეროვნული პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და ამის გაღვივება. ეს იქნება მთელი ჩემი საზრუნავი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საშუალებით გამოეხმაურა.