ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს - თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს შესასვლელთან
ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს - თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს შესასვლელთან

იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით, სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი, ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

რვა წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.