ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ზეიუდის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი, კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო საამიროებთან სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნა ათმილიონიანი მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. აღინიშნა, რომ 2023 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 277.22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი გაიზარდა 60%-ით და 35.69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 65%-ით გაიზარდა და 277.22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ისტორიული სატრანზიტო როლის შესახებ; ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება.