ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს ქალაქ გრანადაში შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებითა და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.