ირაკლი ღარიბაშვილი - რუსთავში 20 მილიონი ლარის ღირებულების სპორტკომპლექსს ვაშენებთ, ამ პროექტებს მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა რეგიონში
რუსთავში 20 მილიონი ლარის ღირებულების სპორტკომპლექსს ვაშენებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროექტებს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, ყველა რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსთავში მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს – 14,6%, რაც მისი შეფასებით, ძალიან დამაიმედებელია და ამ ტემპებს შენარჩუნება სჭირდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა აქტიურად ვიწყებთ იმ ობიექტების მშენებლობას, განვადებით, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში და გვინდა, რომ ყველა ამ პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყოს. ამ მიზნით, უკვე მქონდა არაერთი შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან, აქტიურად ვმუშაობთ და ამ მიმართულებით, წელსვე დავიწყებთ რამდენიმე ათეული სკოლის რემონტს. ეს არის ჩვენი გეგმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ურბანული განახლების პროგრამები. რუსთავში ძალიან მასშტაბური სამუშაოები დავათვალიერე, ეს სამუშაოები ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული, ასევე, რუსთავში 20 მილიონი ლარის ღირებულების სპორტკომპლექსს ვაშენებთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსთავისთვის და ამ პროექტებს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ჯამში, ორივე თვის ზრდა 14,6% გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის. ამ ტემპებს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.