ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად, ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს და ყოველთვის ვახსენებ
მე ყოველთვის ვახსენებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციას და ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ყურადღებით აკვირდებიან რეგიონში რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იგივე რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ჩვენს რეგიონში, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგ ძალთა ბალანსის ცვლილებას და ზოგადად, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენს რეგიონში. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში და ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში დღეს რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს. შეიძლება, ითქვას, რომ გადახურული აქვს ეს რეგიონი. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ, მე ამას ყოველთვის ვახსენებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთს რუსეთთან ურთიერთობა უქმნიდეს დისკომფორტს, მაგრამ ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად. ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს. ამიტომ, მე ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია.
მეორე მხრივ, რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობას და ფუნქციონირებას, დაგეთანხმებით, რომ ალბათ უფრო მეტად საჯარო შეიძლება გავხადოთ, მეტი ინფორმაცია შეიძლება, გავრცელდეს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც გარკვეული კითხვა ისმოდა, პრაქტიკულად დასრულებულია. ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნების დატვირთულმა დღის წესრიგმა გადაფარა ეს საკითხი და წლის ბოლოს ჩვენ ალბათ უკვე დავამტკიცებთ ყველა დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.