ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტიათ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტიათ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?

რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტიათ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ეს აღიარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ევროკავშირის უწყებებმაც, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სხვა საკითხია.

„საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან ერთ მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს ერთ მილიარდ ევროს ყოველდღე უხდიდა რუსეთს. ანუ, რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო გასულ წელს და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა წელიწადში მარტო ერთი მილიარდია. ანუ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ჩვენი გავლენა იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ჩემი აზრი არის ასეთი: ჩვენ სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაც არის. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი. ესეც არის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.