ირაკლი ღარიბაშვილი - რომელიმე ხელისუფალმა თუ მიაღწია კონკრეტულ შედეგებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, რაც დაგვირგვინდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით
მინდა, დავიწყო მოლოცვით – ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, არ იყო მარტივი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, თუმცა ეს შეძლო მმართველმა გუნდმა.
„ბუნებრივია, არ იყო მარტივი, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდები გავიარეთ, ბევრი განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგებს. ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ. 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი შედეგის მიღწევა.
„მე ადრეც მითქვამს, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია რაიმე კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, და თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო რეჟიმით გაგრძელებული. კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.