ირაკლი ღარიბაშვილი - როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ქველმოქმედებას, საქმე გვაქვს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებასთან
მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში, თითქმის უკვე 25 წელია, ეწევიან უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად ბერა ივანიშვილის მიერ თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, მარტივად ვიტყოდი, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება, როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორიც არის ქველმოქმედება და მით უმეტეს, ისეთ საქმიანობას, რომელიც 25 წლის განმავლობაში კონკრეტულ ციფრებში აისახა. კერძოდ, ეს არის სამი მილიარდი დოლარის ქველმოქმედება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, აქ ძალიან გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.