ირაკლი ღარიბაშვილი - რამდენიმე დღეა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში
ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკვე ორი ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტის მეშვეობით.
„მინდა გითხრათ, რომ ავღანეთის მისიაში ჩვენმა გამორჩეულად ღირსეულმა ჯარმა მიიღო მონაწილეობა და ძალიან ღირსეულად იმსახურა ავღანეთში, რითაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მისიაში და ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში. სამწუხაროდ, ამ მისიას არ ჩაუვლია დანაკარგების გარეშე 32 ჩვენი გმირი სამხედრო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება.
რაც შეეხება შემდეგ ჩვენს მონაწილეობას ნატო-ს მისიებში და ზოგადად ჩვენს თანამონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო აქტიურად არის ჩართული ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში.
უკვე 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტით ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ბევრი ევროპული და ამერიკის მთავრობის თანამონაწილეობით.
ამას გარდა, ჩვენ თხოვნით მოგვმართეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დონორმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, რომლებიც წლებია, ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას განვითარებაში და მათ მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარების საკითხში. ამას გარდა, მომართვა იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან და ეროვნული განვითარების ინსტიტუტისგან (NDI) ამერიკის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციიდან, რომელიც არის ცნობილი, როგორც დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია. ჩვენ მათი თანამშრომლების დროებით რელოკაციაში, გადმოყვანაში დავეხმარეთ და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილე. ამას გარდა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორი ამერიკის, ევროპის და ზოგადად, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.