ირაკლი ღარიბაშვილი - ოპონენტებისგან მოვისმინეთ, თითქოს ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მავნებლობა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
ოპონენტებისგან მოვისმინეთ, თითქოს ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მავნებლობა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშის შემდეგ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ძალიან სამწუხაროა.
„რამდენად გამაოგნებელი შეიძლება იყოს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, პარლამენტის წევრი გამოდის ღიად და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. მახსენდება, მეგობრებო, როცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობდით, ხშირად გვიწევდა ვიზიტები. მაშინ ოპონენტები დადიოდნენ აქტიურად და ითხოვდნენ, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი. ეს არის სიმართლე, ჩვეულებრივი პოლიტიკური მავნებლობა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა და მით უმეტეს პარლამენტარმა, პოლიტიკოსმა. ძალიან სამწუხაროა. გვარებს გეტყვით, ესენი იყვნენ დავით ბაქრაძე, კანდელაკი. ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ახლა და ამბობენ, რომ ქვეყანა არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის. მითხარით, ამაზე მეტი პრორუსული განცხადება რომელია. ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გაგრძელება და გატარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.