ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს.
როგორც ღარიბაშვილმა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ.
„ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვუხდი გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას. იმედი მაქვს, რომ ეს ქანდაკება იქნება შთაგონება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის და წაახალისებს ქართული ლიტერატურის, პოეზიისა და ჩვენი უნიკალური ენის უზარმაზარი სამყაროს შესწავლას. დაე, ეს ქანდაკება იდგეს მყარად, როგორც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სიმბოლო, და იყოს მოტივაცია, რომელიც წაგვიყვანს უფრო ნათელი და ურთიერთდაკავშირებული მომავლისკენ. დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.