ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს პასუხობს - მოგიხმობთ გონიერებისკენ, ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია, სახელმწიფო იმართება კანონითა და კონსტიტუციით
ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თვის ბოლოს შეხვდება პროექტის ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელთანაც გაარკვევს დეტალურ საკითხებს.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება, გაგრძელდება მზაობა ჩვენი მხრიდან. ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები იყვნენ ჩართული და არიან ჩართული. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. ასევე, დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს.
მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში.
რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 1990-იანი წლების გადმონაშთი. კარგად გვახსოვს ის ბნელი პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმით ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ქვეყანა, დავშალეთ ქარხნები, ფაბრიკები და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმდროინდელი პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
ამასთან, კომპანია „ენკამ“ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დიალოგს სთავაზობს.