ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო, მადლობა შარლ მიშელს ამ ინიციატივისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს. დღევანდელი დღეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ის ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. დიალოგი უნდა შედგეს და ის უნდა იყოს ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არ დაგვყოფს. ეს მე ჩემს მიმართვაშიც განვაცხადე. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო იგივე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში არ შედგება კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს შესაძლოა შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.