ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი, ვინც დაადგინა ჩვენი ხელისუფლების სიმართლე, არის სტრასბურგის სასამართლო და არა სააკაშვილის მიერ მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი, უკრაინის რადას წევრი
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი, ვინც დაადგინა ჩვენი ხელისუფლების სიმართლე, არის სტრასბურგის სასამართლო და არა სააკაშვილის მიერ მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი, უკრაინის რადას წევრი

გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ცდილობს, მთელ მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი, ვითომ მოწამლეს და კლავენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლისას სააკაშვილმა უკრაინაშიც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა დღემდე რაიმე რეაგირება არ მომხდარა და მეტიც, სააკაშვილი უკრაინაში დღემდე იკავებს თანამდებობას.

„უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ, რამდენიმე დღის წინ უბრალოდ კითხვა დავსვი, საკვირველი კი არა, გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ცდილობს, მთელ მსოფლიოს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი ტყუილი, ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ა.შ. გაუგებარია და მინდა, საჯაროდ დავსვა კითხვა, ეს ყველაფერი, თუნდაც მათი განსაკუთრებით დაინტერესება სააკაშვილის თემით, ხომ არ ადასტურებს, ხომ არ ამყარებს ჩვენ მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს წინასწარ იყო ინფორმირებული. მიჩნდება ლოგიკური კითხვები, ამას, რა თქმა უნდა, ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული, მტკიცებულება, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც ანალოგიურად უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი. უკრაინის კანონმდებლობით უკანონოდ საზღვრის კვეთა ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. ისმის კითხვა, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? მეტიც, არათუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას. თუ არ ვცდები, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია.

ასევე, მაქვს კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა, ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ამ გამოგზავნის სპეცოპერაციაში, კონტრაბანდული გზით რომ შემოაპარეს და სრული კოლაფსი განიცადეს, სრული ჩავარდნა, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ მას შემდეგ, რაც უკრაინულ მხარეს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, თუ როგორ იყო, ასევე მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელმაც უშუალოდ განახორციელა სააკაშვილის გადაზიდვა, აღიარება, რომ იგი იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან. კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, „ესემესები“, ყველაფერი იქნა წარდგენილი, მივაწოდეთ უკრაინულ მხარეს. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევაა, როცა თბილისში ვითომ კონსულტაციებისთვის  გამოაგზავნეს საქართველოს ელჩი, რომელიც დაბომბვების დროს, ბოლო წუთამდე კიევში იმყოფებოდა.

„ქრონოლოგიურად გავყვეთ, ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო, მაშინ, როცა მე აღარ ჩამოვთლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში.

თუ ხელისუფლება არ კლავსო, რატომ ვერ ვარწმუნებთ – ნახეთ, როგორ კითხვას მისვამთ – მთავარი ორგანო, ვინც დაადგინა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე, არის სტრასბურგის სასამართლო და არა კორუმპირებული და სააკაშვილის მიერ მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი, უკრაინის რადას წევრი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.