ირაკლი ღარიბაშვილი - მოვუწოდებ პავილიონისსა და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიუღებელი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს ყოვლად მიუღებელსა და აღმაშფოთებელს უწოდებს.
„ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთი-ერთი პირის ასეთი განცხადებები სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია და არაფერს ნიშნავს მისი ეს განცხადებები ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის. მე ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არჩეულია ჩვენი მოსახლეობის მიერ, მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგიცხადა ნდობა, მოგვანიჭა მესამე მანდატი, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, მოგვიწოდოს გაუგებარი, უსამართლო განცხადებებით. არ შემეძლო ემოციების გარეშე ამ მიუღებელი ფაქტის უყურადღებოდ დატოვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ლიეტუვაში ყველა პოლიტიკური ლიდერი ხელს აწერს, რომ სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად დგანან. „ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა. თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – აღნიშნა პავილიონისმა.