ჟიგიმანტას პავილიონისი - ვიმედოვნებ, მთავრობა უპასუხებს დიალოგთან დაკავშირებით კეთილ ნებას, რომელიც, როგორც ვხვდები, მოდის ყველა პოლიტიკური პარტიიდან
ჟიგიმანტას პავილიონისი - ვიმედოვნებ, მთავრობა უპასუხებს დიალოგთან დაკავშირებით კეთილ ნებას, რომელიც, როგორც ვხვდები, მოდის ყველა პოლიტიკური პარტიიდან

დემოკრატიის, განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემის, ოპოზიციასთან მუშაობის, მათი ხმებისა და უფლებების მოსმენისა და პატივისცემის გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტს ასრულებს.

„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. ჩვენ ლიეტუვაში გვიყვარს თქვენი ქვეყანა და საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ტრანსატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ყველას გვინდა, თქვენი თავისუფლება, თქვენი კონსტიტუციური ღირებულებები იყოს კონსოლიდირებული ტრანსატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიბრძოლებთ ევროკავშირსა და ნატო-ში თქვენი წევრობისთვის. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენ მზად უნდა იყოთ დემოკრატიულ მანდატთან დაკავშირებით. მე ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში ჩემი საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ვიცი, თუ რას ნიშნავს კოპენჰაგენის პირველი პოლიტიკური კრიტერიუმი. ეს იყო მნიშვნელოვანი და არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ახლა, როდესაც გვაქვს დემოკრატიული რეცესია მსოფლიოში, როდესაც დემოკრატია ყველგან თავდასხმის ქვეშაა, მათ შორის, ვაშინგტონში. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია ხდება უმსხვილესი დედაქალაქების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ცენტრი. ასე რომ, მე ვასრულებ ჩემს ვიზიტს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველა ეს დედაქალაქი დაბრუნდება და კონცენტრირებას მოახდენს საქართველოში დემოკრატიაზე, რადგან დემოკრატიის გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემის გარეშე, ოპოზიციასთან მუშაობის გარეშე, მათი ხმებისა და უფლებების მოსმენისა და პატივისცემის გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლას. ვიმედოვნებ, რომ ჩემს შემდეგ ბევრი სხვა ლიეტუველი ჩამოვა, ბევრი სხვა ქვეყანა შეუერთდება ამ კოალიციას საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ვიმედოვნებ, რომ მთავრობა უპასუხებს დიალოგთან დაკავშირებით კეთილ ნებას, რომელიც, როგორც ვხვდები, მოდის ყველა პოლიტიკური პარტიიდან საქართველოში, რომ შეტაკებებისა და რეპრესიების ნაცვლად, ერთად ვიმუშავებთ ტრანსატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ეს ერთადერთი გზაა, რადგან თქვენ ვერასდროს შეძლებთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, თუ იქნებით ერთპარტიული დემოკრატია. ეს საერთოდ არ არის დემოკრატია“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.