ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ვუთხრა ევროპარლამენტარებს, კორუმპირებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს, აღარ სჭირდება ხალხს დიქტატორები, სააკაშვილი, არამედ სჭირდება კეთილდღეობა
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ვუთხრა ევროპარლამენტარებს, კორუმპირებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს, აღარ სჭირდება ხალხს დიქტატორები, სააკაშვილი, არამედ სჭირდება კეთილდღეობა

მინდა, ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება, ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციას, რითიც, რეალურად, ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო, მათ, უბრალოდ, არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, კლავდა, აწამებდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, იყო სრულად დახშული მედიათავისუფლება. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინეს, როგორებიცაა გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, არ აინტერესებთ რეალობა, არ აინტერესებთ, რომ „იმედი“, რომელიც დაარბიეს, ძალადობრივად მიისაკუთრეს. არც ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩამობრძანდა უკანონო გზით და აპირებდა რევოლუციის მოწყობას, უნდოდა სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. მათ გვითხრეს, რომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, აგენტი და უნდა გამოუშვათ ციხიდან. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.

ეს მინდა, ვუთხრა იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.