საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს, იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.
„იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მთავრობის მეთაურმა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მიიწვია.
კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ დაბის საამიროს ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში. კომპანია ელექტროენერგიისა და წყლის მნიშვნელოვან წილს აწარმოებს, აქტივები არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთის სამეფოში, ომანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანიის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3.67 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის, „მასდარის“ 43%-იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.