ირაკლი ღარიბაშვილი - კითხვა იყო, რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების გასაგრძელებლად
კითხვა იყო, რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს არის დამატებითი მოტივაცია, წახალისება, რომ ქვეყანამ რეფორმები გააგრძელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა,
„ამ საკითხს ნათელი უნდა მოვფინოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კითხვა იყო – რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, რა თქმა უნდა – არა. ჩვენ აქ არ უნდა ვლაპარაკობდეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა, ეს არის ნატო. ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც არის სიმბოლური, მაგრამ ძალიან არსებითი ჩვენთვის. ჩემი პასუხია – არა, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არც საქართველოსთვის, არც მოლდოვისთვის და უკრაინისთვის. ეს არის თავისებური დამატებითი მოტივაცია, წახალისება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.