ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში ქართული კუთხე საზეიმოდ გახსნეს. მუზეუმში ქართული სექცია დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული, სადაც ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი.
კატარის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში მუდმივმოქმედი ქართული სექციის გახსნა და ქართული ექსპონატების განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას კატარის სახელმწიფოში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.