ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, მუნიციპალიტეტის ქალაქის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

„დღეს დავასრულე გაცხადებული რეგიონული ტურნე. დღეს იყო მე-10 შეხვედრა და თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის კახეთის რეგიონის აქტივს. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის, რათა დამაჯერებლად გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ზოგადად ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი იქნება ძალიან მარტივი. არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და, მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ვინაიდან, მეორე მხარეს ჩვენ ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს, გარანტირებულად გააგრძელებს ამ მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას და, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს. ამ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. მთელი თავისი გამოწვევებით, ამ შიდა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ჩვენ ეს მოვისმინეთ პირდაპირ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან. ვგულისხმობ რუსეთს, დასავლეთს, ნატო-ს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომაც გავიმეორებ, რომ ჩვენი პარტია ემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. კახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში შეხვდა, რითიც რეგიონული ტურნე დასრულდა.