ირაკლი ღარიბაშვილი - ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად, გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს, გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი
ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს, გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.
„ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი არის ქვეყანაში შემოსული. ახლა მინდა, გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი.
კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 476 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. ხოლო თუ ამას შევადარებთ 2021 წელის მაჩვენებელს, ეს არის დაახლოებით 130%-ით მეტი და ჯამურად იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა მილიარდ 618 მილიონი აშშ დოლარი.
ასე რომ, ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით, მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტად დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები შემოსავლების ზრდას და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.