ირაკლი ღარიბაშვილი - იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩასვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია
ირაკლი ღარიბაშვილი - იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩასვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია

​იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ ასეთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამ მხარის მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, გზის დასრულება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ახალი 51 კილომეტრიანი გზა. როგორც ბატონმა მინისტრმა აგვიხსნა, ეს დაჯდა დაახლოებით 110 მილიონი ლარი და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზით ისარგებლებს არა მხოლოდ რაჭის მოსახლეობა, არამედ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები. მინდა ასევე ვთქვა, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სამ საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამ პროექტებს ინტენსიურად გავაგრძელებთ და კიდევ უფრო მეტ ასეთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენ ხალხისთვის. გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს. მადლობა ბატონ ირაკლის, მის გუნდს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1 000-1 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზა სრულად რეაბილიტირდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი შვიდ მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.