ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა

ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51.5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია.

მათივე ინფორმაციით, ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს – იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.

საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.

გზის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი უყო დასაქმებული.

ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა უზრუნველყოფს ბევრად უფრო უსაფრთხო და სწრაფ კავშირს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა მხოლოდ გაუმჯობესებულ გადაადგილებას, არამედ ახალი შესაძლებლობების გაჩენით, სოციალ-ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.