ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ქვეყნებმა, იმ ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ უკრაინაში ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დაასრულონ
იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში რაც ხდება, საქართველოსთვის უაღრესად შემაშფოთებელია.
ღარიბაშვილის განცხადებით, ყველამ მოისმინა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით.
„დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ხელისუფალი საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისა და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. ამაზე მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის მთავრობის განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ განსხვავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით. მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატონ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია.
უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის არის უაღრესად შემაშფოთებელი. ოთხი ათასზე მეტი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის. ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს პროცესი გრძელდება. ამის შემჩერებელი სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავინ არის. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩემი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩვენ 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. ჩვენი დიდი სურვილი, ოცნებაა, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.