ირაკლი ღარიბაშვილი - გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე, არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით, ამიტომ ვემზადებით მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე, არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით, ამიტომ ვემზადებით მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის

პარტია ემზადება არჩევნებისთვის, რათა დამაჯერებლად გაიმარჯვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში განაცხადა, სადაც კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონული ტურნე დასრულებულია.

„დავასრულე რეგიონული ტურნე. დღეს იყო მეათე შეხვედრა. თელავში შევხვდი კახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის, რათა დამაჯერებლად გაიმარჯვოს ამ არჩევნებზე. პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში და მთელ რეგიონში, მსოფლიოში.

ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი ძალიან მარტივი იქნება – არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და, მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ვინაიდან, მეორე მხარეს, ჩვენ ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს, გარანტირებულად გააგრძელებს ამ მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს. ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ხალხი, მთელი თავისი გამოწვევებით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არაპროგნოზირებად გარემოში ხელისუფლებას მართებს სიფრთხილე, გონიერება და არ უნდა დაუშვან რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით.

„ამ შიდა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ საუბარში უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ჩვენ ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის ალბათობის შესახებ, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ეს მოვისმინეთ პირდაპირ ამ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან. ვგულისხმობ რუსეთსა და დასავლეთს, ნატო-ს სახელმწიფოებს. ამიტომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომაც, გავიმეორებ, ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.