ირაკლი ღარიბაშვილი - ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს, ქვეყანა თუ არ იცავს ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს
ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა თუ არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღებს.
„ჩვენმა გუნდმა წარადგინა ერთ-ერთი მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ლგბტ პროპაგანდის დამარეგულირებელი ინიციატივა, რაც უკავშირდება გუშინდელ ოჯახის სიწმინდის დღესაც, საერთოდ, ოჯახურ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება. არ არის უნგრეთსა და პოლონეთში. დავალება მიიღეს, გააკეთეს. შეიძლება, იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა თუ არ ეწინააღმდეგება, არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც მიიღებს სხვებმა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა როცა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის, სულ მცირე, 50%-ს გადასცემს ბრიუსელს, რაც, მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
„სუვერენიტეტის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი განმარტება და მოწოდება, ბევრი მხარისგან კეთდება განცხადებები. ერთ-ერთმა ბატონმა თქვა, რომ ჩვენ, მგონი, ერთმანეთის არ გვესმისო. ქვეყანა როცა ხდება ევროკავშირის წევრი, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. ახლა ეს მინდა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ავუხსნა, მე კარგად მაქვს შესწავლილი ეს საკითხი. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის, იმათთანაც, რომლებიც ხმალამოღებით იცავენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და არ თმობენ ბოლომდე საკუთარ ინტერესებს. მართლა ასეა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის, მინიმუმ, 50%-ს გადასცემს ბრიუსელს. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხალხმა. კარგია, რომ ამ ბატონმა წამოჭრა ეს საკითხი და თავად აუხსნა ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ერთ აზრზე არ ვართ, ერთ მხარეზე არ ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.