ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის 90%, შეიძლება მეტიც, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს
ფაქტი იყო, „მაკდონალდსში“ როგორი კამპანია დაიწყეს. მიუღებელია. ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო, ვფიქრობ, ასევე საგანგაშო იყო ეს ფაქტიც, ამაზე რეაქცია საზოგადოების იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი, ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება, ვინაიდან ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას, მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ჩვენ, ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 90%, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, შეიძლება 90 პროცენტზე მეტიც, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს.
„ამიტომ ამ თემებს ვერ შეეხებით, ვერც თამარ კორძაია და ვერც ასი თამარ კორძაია რომ იყოს პარლამენტში და, მადლობა ღმერთს, ვერ იქნება ვერასოდეს მათნაირად მოაზროვნე ადამიანები, რადგან ჩვენი ხალხი არ აირჩევს ასეთად მოაზროვნე ადამიანებს, ხატია დეკანოიძეც ალბათ მანდ არის. მე გესაუბრებით ფაქტებით, თქვენ მარტო შეურაცხყოფები იცით და ფსკერზე ხართ. ასევე, იკითხეს, ხომ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს კანონი გაუქმდეს. შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ერთ-ერთი მოთხოვნა, კრიტერიუმი, ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომ ქვეყანას მიეღო უვიზო რეჟიმი. მე არ ვთვლი საჭიროდ ამ კანონის გაუქმებას, პირიქით, ჩვენ ამით ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება, ტოლერანტული საზოგადოება ყოველთვის, ოდითგანვე, ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მიუღებელია ასევე ჩვენი კულტურისთვის, ხალხისთვის, ტრდიციებისთვის, რელიგიისთვის, რწმენისთვის. ასე რომ, ამ საკითხებს სჭირდება გამიჯვნა. ჩვენ ნუ დავაკავშირებთ რაღაც კანონს ჩვენს ღირებულებებთან. ეს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია განათლების სამინისტროსი და ჩვენი საზოგადოების თუ ხელისუფლების იქნება, რომ დავიცვათ ამ მავნებელი პროპაგანდისგან ბაღები და სკოლები. ეს არის, ჰკითხეთ ნებისმიერ ევროპაში მცხოვრებს, გნებავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.