ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ევროპულ ერებს შორის ადგილის დაბრუნება მრავალი თაობის ოცნება იყო, მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი ოცნების ასრულებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ევროპულ ერებს შორის ადგილის დაბრუნება მრავალი თაობის ოცნება იყო, მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი ოცნების ასრულებისთვის

მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ევროპულ ერებს შორის ჩვენი ადგილის დაბრუნება ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ოცნების ასრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები.

„ნამდვილად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორებიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გავხდით ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის.

სრული პასუხისმგებლობით მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა და ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად.

საქართველოს გეოგრაფიამ ხელი შეუწყო ქართველების მდიდარი ისტორიის ჩამოყალიბებას, ევროპისა და აზიის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გასაყარზე, დიდ იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში ყოფნამ, როდესაც ხშირად თავად ვიყავით ამ დაპირისპირების სამიზნე საუკუნეების განმავლობაში, ამან მხოლოდ გააძლიერა ჩვენი ერი, ჩამოუყალიბა ჩვენი იდენტობა და ღირებულებები, ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენი სურვილი ამ უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებაშია. ეს არის ის, რაც გვაძლევს თავდაჯერებულობას, გავაგრძელოთ ეს გზა, მაშინ, როდესაც ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით.

უძველესმა კოლხებმა, ოქროს საწმისის მფლობელებმა, ადრეულმა ქრისტიანმა ქართველებმა IV საუკუნეში ან ადრეული ქართული აღორძინების ოსტატებმა XII-XIII საუკუნეებში ჩაუყარეს საფუძველი იმ ერს, რომელმაც გაუძლო ისტორიის მრავალ უბედურებას და მოახერხა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მსოფლიოს აჩუქა ჩვენი არქიტექტურის, ოქრომჭედლობისა და ლიტერატურის მრავალი შედევრი. შოთა რუსთაველის მე-12 საუკუნის ეპიკურმა პოემამ, „ვეფხისტყაოსანმა“ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და არანაკლებ მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ჩვენი უნიკალური ენის შენარჩუნებაში, იმავე ენისა, რომელზეც რომის იმპერიის დროს ვსაუბრობდით და ახლაც ვაგრძელებთ საუბარს ამ ენაზე. წერისთვის ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ და უძველეს ანბანს, რომელიც, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში არსებობდა. ქართული ანბანის დამწერლობის სამი სისტემა დღეს იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.