ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ჩავატარებთ უპრეცედენტოდ თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, ეს არის პირობა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს მივეცით
ჩვენ ყველანი ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ წელს ჩავატარებთ უპრეცედენტოდ თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„გუშინ ვიმყოფებოდი ბრიუსელში, სადაც მონაწილეობა მივიღე ნატო-ს მინისტერიალში. კერძოდ, საუბარი შეეხო მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩვენს მონაწილეობას. 870 ჯარისკაცით ვართ წარმოდგენილი და ჩვენ ამ რაოდენობას შევინარჩუნებთ. ყველა პარტნიორი ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში არის მნიშვნელოვანი. შეხვედრების ძირითადი ნაწილი მივუძღვენით და განვიხილეთ თავდაცვის საკითხები, მაგრამ ჩვენ ყველანი ვაფიქსირებთ ცალსახად, რომ ჩვენ წელს ჩავატარებთ უპრეცედენტოდ თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს. ეს არის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელიც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა.
დღეს კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.