ირაკლი ღარიბაშვილი - ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელზეც დაიხარჯება 10 მილიონი ლარი, მთავრობას დაგეგმილი აქვს შვიდი მილიარდის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელზეც დაიხარჯება 10 მილიონი ლარი, მთავრობას დაგეგმილი აქვს შვიდი მილიარდის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში

მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის, ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700-მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი და ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.

„აქ, სოფელ ჭვანში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10-მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700-მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.

მთავრობას დაგეგმილი აქვს შვიდი მილიარდი ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მილიარდი ლარი რეგიონების განსავითარებლად. ასევე, დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რომლებიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ევროპული ტიპის ცენტრების, ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ადგილების მოწყობას. ტურიზმი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, არის კიდევაც ასე, რადგან საქართველოს ბუნებრივად აქვს მიზიდულობა. ჩვენ, მოგეხსენებათ, რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი მივიღეთ 2019 წელს, ცხრა მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს პროცესი შეაფერხა და შეანელა. მიმდინარეობს ტენდენცია და ეკონომიკის აღდგენა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, სადაც ვიყავით და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი შემოვა საქართველოში. ამისთვის გვჭირდება უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი, ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა გადავაქციოთ ყველა მუნიციპალიტეტი და რაიონი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მისწრაფებები.

განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება და არის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი თანხა იქნა მობილიზებული, ჩადებული და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ, ახალი სკოლებისა და ზოგადად, ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ადგილზე ახალი სპეციალობის დაუფლების საშუალება. 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში, 250 – რეაბილიტირდა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს. 800 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 800 სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტებით. ამ და სხვა პროექტებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.