ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ
მინდა, საჯაროდ დავგმო ის, რაც მოხდა გუშინ. კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, შესაბამისად იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.